14 აპრილს, 14 საათზე სასტუმრო "მეტეხი შერატონ პალასში" გაიმართა მაიკლ კაუფმანის საჯარო გამოსვლა და პრეს კონფერენცია. ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი, პარლამენტის თავმჯდომარესთან არსებული გენდერული საკონსულტაციო საბჭოს თავმჯდომარე ქ-ნი რუსუდან კერვალიშვილი, საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი ბ-ნი გიორგი წერეთელი, საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ბ-ნი ერიკ ფურნიე და გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი ქ-ნ თამარ ხომასურიძე. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის, მთავრობის, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციების, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები.
აღნიშნული ვიზიტის ფარგლებში მაიკლ კაუფმანი გაუძღვება გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის მიერ ორგანიზებულ რეგიონულ ტრეინინგს “მამაკაცების ჩართულობა და მათი როლი ქალთა მიმართ ძალადობის დაძლევაში”. ტრეინინგში მონაწილეობას მიიღებენ წარმომადგენლები ამიერკავკასიის სამი ქვეყნიდან – აზერბაიჯანიდან, საქართველოდან და სომხეთიდან.
მაიკლ კაუფმანი ცნობილი საერთაშორისო ექსპერტია, რომელიც უკვე 20 წლის მანძილზე აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო ორგანიზაციებთან, გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და მსოფლიოს 50-ზე მეტი ქვეყნის მთავრობებთან გენდერული ძალადობის დაძლევის და გენდერული თანასწორობის დამკვიდრების საკითხებზე. ის არის ავტორი მეთოდოლოგიისა, რომლის თანახმადაც მამაკაცების ჩართულობა და მათი როლი გადამწყვეტია გენდერული თანასწორობის დამკვიდრებასა და გენდერული ძალადობის დაძლევაში. მაიკლ კაუფმანის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ ეწვიოთ მის ვებ-გვერდს: www.michaelkaufman.com




