25 ნოემბერს, 13 საათზე სასტუმრო შერატონ მეტეხი პალასში გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) ორგანიზებითა და პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს მხარდაჭერით გაიმართა გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის 16-დღიანი კამპანიის საზეიმო გახსნა. 

კამპანიის გახსნისადმი მიძღვნილ პრეს-კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე რუსუდან კერვალიშვილი, ოჯახში ძალადობის უწყებათაშორისი საბჭოს თავმჯდომარე ლალი ფაფიაშვილი, გაეროს მუდმივი კოორდინატორი და გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში ჯემი მაკგოლდრიკი და გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელის მ.შ. ლელა ბაქრაძე.

ღონისძიების ფარგლებში ასევე გაიმართება ქალთა უფლებების საკითხებზე 2010 წლის საუკეთესო ჟურნალისტური ნამუშევრების გამოვლენა და გამარჯვებულების დაჯილდოება.
საუკეთესო სტატიის ავტორად დასახელდა ნათია გულიაშვილი, ჟურნალი ლიბერალი; მეორე ადგილი თავისუფალ ჟურნალისტს – თინათინ მოსიაშვილს ერგო; საუკეთესო ტელე რეპორტაჟში გაიმარჯვა ტვ 25–ის ჟურნალისტმა ლიზა თედორაძემ; წლის ყველაზე აქტიურ ქალის უფლებათა დამცველ ჟურნალისტად ნათია გულიაშვილი დასახელდა. კონკურსი 2010 წლის იანვარში გამოცხადდა და მიზნად ისახავდა ჟურნალისტების პროფესიული ინტერესის ამაღლებას გენდერული თანასწორობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებში.

ღონისძიებას ესწრებოდნენ საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების, დიპლომატიური კორპუსის, გაეროს სააგენტოების, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის 16-დღიანი კამპანია საერთაშორისო ხასიათისაა და მიზნად ისახავს გენდერული ძალადობისა და დისკრიმინაციის პრობლემების ირგვლივ საზოგადოების მობილიზაციას. საქართველოში აღნიშნული კამპანია ტრადიციულად ტარდება გაეროს მოსახლეობის ფონდის პროექტის “დავძლიოთ გენდერული ძალადობა ამიერკავკასიაში” კოორდინირებით, პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს მხარდაჭერითა და გაეროს სააგენტოების, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებიებთან მჭიდრო თანამშრომლობით. წელს, აღნიშნული კამპანიის ფარგლებში დაგეგმილია 70-ზე მეტი თემატური ღონისძიება.