დღესდღეობით, გენდერული ძალადობა წარმოადგენს ადამიანის უფლებათა ერთ–ერთ ყველაზე შემაშფოთებელ დარღვევას, რომელიც გავრცელებულია მსოფლიოს ყველა ქვეყანაში.
რა არის გენდერული ძალადობა: მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს გენდერული ძალადობის უნივერსალურად აღიარებული დეფინიცია, გენდერული ძალადობა შეიძლება განისაზღვროს, როგორც ნებისმიერი ქმედება, რომელმაც შეიძლება მიაყენოს ქალს ფიზიკური, სექსუალური ან ფსიქოლოგიური ზიანი, მათ შორის ამგვარი ქმედებით მუქარა, იძულება ან თავისუფლების უკანონო აღკვეთამ იქნება ეს პირად თუ საზოგადოებრივ ცხოვრებაში.
გენდერული ძალადობის სახეები: გენდერული ძალადობის სახეები განსხვავებულია და მოიცავს როგორც ემოციურ ძალადობას ასევე ღირსების მკვლელობებს. პეკინის სამოქმედო პლატფორმა გენდერული ძალადობის შემდეგ სახეებს გამოჰყოფს:
- ფიზიკური, სექსუალური და ფსიქოლოგიური ძალადობა რომელიც შეიძლება განხორციელდეს ოჯახის შიგნით, მათ შორის ცემა, გაუპატიურება, გენიტალური მუტილაცია და სხვა ტრადიციული პრაქტიკები, რომლებიც საზიანოა ქალისათვის;
- ფიზიკური, სექსუალური და ფსიქოლოგიური ძალადობა რომელიც ხორციელდება საზოგადოებებში, მათ შრის გაუპატიურება, სექსუალური ძალადობა სამსახურსა და სასწავლო დაწესებულებებში, ტრეფიკინგი და იძულებითი პროსტიტუცია;
- ფიზიკური, სექსუალური და ფსიქოლოგიური ძალადობა რომელიც ხორციელდება სახელმწიფოს მიერ;
ძალადობის სხვა ფორმები მოიცავს ქალთა უფლებების შელახვას შეიარაღებული კონფლიქტის დროს, მათ შორის მკვლელობებს, სისტემატურ გაუპატიურებებს, სექსუალური მონობასა და იძულებით ფეხმძიმობას; ასევე იძულებით სტერილიზაციას, იძულებით აბორტებს, კონტრაცეფციის იძულებითი გამოყენებას, ქალთა ინფანტციდსა და სელექციურ აბორტებს.
რა არის გენდერული ძალადობის გამომწვევი მიზეზები?
გენდერული ძალადობა პირდაპირ კავშირშია არსებულ გენდერულ უთანასწორობასთან. საზოგადოებებში განათლების დაბალი დონე და დაბალი სოციალური სტატუსი მნიშვნელოვნად განაპირობებს ძალადობას ქალის მიმართ.
რა არის გენდერული ძალადობის შედეგები?
გენდერულ ძალადობას შეიძლება მოჰყვეს ფიზიკური, გონებრივი, სოციალური და ეკონომიკური პრობლემები, როგორც ინდივიდისთვის, ასევე საზოგადოებისთვის. გენდერული ძალადობა შეიძლება გახდეს ხელისშემშლელი ფაქტორი დემოკრატიული ღირებულებების მქონე ჯანსაღი და წარმატებული საზოგადოების მდგრადი განვითარებისთვის, რაც გულისხმობს ადამიანის უფლებების დაცვას, მათ შორის ქალთა უფლებების. ზიანი, სიკვდილი, სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის პრობლემები (სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები, აივ/შიდსი, არასასურველი ფეხმძიმობა, ასევე აბორტები, ბუნებრივი აბორტი, ახალშობილის მცირე წონა) სარისკო ქცევები (მრავალი პარტნიორი, დაუცველი სქესობრივი კავშირი) მენტალური ჯანმრთელობის პრობლემები (დეპრესია, პოსტ-ტრამვული სტრესის პრობლემები, უძილობა), ფიზიკური ჯანმრთელობის პრობლემები (თავის ტკივილი, ზურგის ტკივილი, მუცლის ტკივილი. არამობილურიბა და ა.შ) - ესენია გენდერული ძალადობის შედეგები. იზოლაცია, მუშაობის უნარის დაქვეითება, შემოსავლის შემცირება, საკუთარი თავის და ბავშვების მოვლის უნარის დაქვეითება წარმოადგენს გენდერული ძალადობის ეკონომიკურ შედეგებს.




